ახალდაბის გზაზე უკვე სამი მეწყრული კერაა ლიკვიდირებული

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" ახალდაბის გზა მესამე მეწყრული კერისგან გაათავისუფლა. ამჟამად კომპანია გზაზე ჩამოწოლილი ყველაზე მოცულობითი მეწყრული კერის ლიკვიდაციაზე მუშაობს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი.

სტიქიის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სპეცტექნიკა, იქ იმყოფებიან კომპანიის ხელმძღვანელები და თანამშრომლები, ადგილზე არიან, ასევე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები და თანამშრომლები.

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" ახალდაბის გზის გაწმენდა გუშინ, იმ წუთიდან დაიწყო, როგორცკი დამეწყრილ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოება შესაძლებელი გახდა. გზა ჩაკეტა მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის მეწყერმა, რომელიც წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ მონაკვეთზე 13-14 ივნისის ღამეს ჩამოწვა.

სტიქიამ გზასთან მისასვლელი ბილიკებიც ჩახერგა, შედეგად, ვერ ხერხდება მეწყერთან შემოვლითი გზებით მიახლოვება, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოები მხოლოდ ერთი - ცენტრალური გზის მხრიდან მიმდინარეობს. სტიქის ლიკვიდაცია ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.