სოფელ წყლულეთის გზა გაწმენდილია, მიმოსვლა აღდგენილია

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო წყლულეთთან მისასვლელი და სოფელში გამავალი გზა გაწმენდილია. გზაზე მოძრაობა, როგორც ქვეითების, ისე - მძღოლებისთვის, შეუზღუდავია. გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" განახორციელა.

წყლულეთის 12-კმ-იანი გზა გაუვალი 21 ივნისს, ძლიერი წვიმების შედეგად გახდა. დაზიანდა გზის საფარი და წყალგამტარი მილები. გაწმენდითი სამუშაოები იმავე დღეს დაიწყო. გზის მიმდებარედ გაიჭრა არხები, რომელშიც წყლის გადაგდება გახდა შესაძლებელი; გასუფთავდა გზა, წყალგამტარი მილები, რომელიც მომეტებულმა ნალექმა მიწით ამოავსო; მილების ნაწილი ხელახლა ჩალაგდა მიწაში.

გაწმენდითი სამუშაოებისას, მოხერხდა ლაფიდან იმ მანქანის ამოყვანაც, რომელიც წყალმა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიღო და დაფარა. პარალელურად, წყლულეთში განხორციელდა წყლის მიწოდების აღდგენის სამუშაოები და გაიწმინდა პარალელური გზები, რომელიც კვირას მოსულმა უხვმა ნალექმა, ასევე, დააზიანა.

ამ დროისთვის, სოფლამდე და სოფელში მიმოსვლა სრულად არის აღდგენილი.