მძიმე ივნისი

ქვემო წყლულეთში ვართ. იმ სამუშაოებს ვათვალიერებთ, რომელიც ჩვენმა კომპანიამ აქ გზის გასაწმენდად ჩაატარა.

უქმეებზე მოსულმა გადაუღებელმა წვიმებმა ამ საკურორტო ზონამდე მისასვლელ გზაზე ორი მეტრი სიმაღლისა და ოთხი მეტრი სიგანის ტალახის ხევი შექმნა. საბედნიეროდ, ადამიანური მსხვერპლი არ ყოფილა, - წყალმა ივერიის ღვთისმშობლის ტაძართან მდგარი მანქანა ჩაფლა მიწაში და წყლულეთელები ორი დღით მოსწყვიტა დანარჩენ საქართველოს. მხოლოდ ორი დღით, რადგან ჩვენების ორდღიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, მიმოსვლა წყლულეთის გზაზე ძალიან სწრაფად აღდგა.  

ჩვენი ტექნიკა ახლა დროებით გაჩერებულია. წყლულეთი თანასოფლელს კრძალავს. ასაკოვანი ქალბატონი თბილისიდან მშობლიურ მხარეში ჩამოიყვანეს. მიწას აქ უნდა მიაბარონ. ეს ამბავი დამატებითი მოტივაცია იყო ჩვენი კომპანიისთვის - ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ, უგზოობის გამო, დაკრძალვას ხელი არ შეშლოდა. ამას საგანგებოდ უსვამს ხაზს ჩვენთან საუბრისას სოფლის მკვიდრი, გიორგი თევდორაძე. „ეს ძალიან მნიშნელოვანია", - ამბობს ის, - გზის გაწმენდა მაშინვე კი დაიწყეთ, მაგრამ ამ ამბავში ხელი რომ არ შეგვეშალა, ნამდვილად სამადლობელია".  

მადლობა ზედმეტია, თუმცა, მაინც გსიამოვნებს. ჩვენი ლოგოც, თითქოს, სხვაგვარად ჩანს ჩვენ საფირმო მაისურებზე. შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" - ეს ჩვენ ვართ და ჩვენი საქმე, ამჯერადაც, ნამუსიანად შევასრულეთ.

სტიქიების შედეგების ლიკვიდაცია ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა. დარიალის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზეც ჩვენები მუშაობდნენ. ეს სამუშაოები ახლა დასასრულს უახლოვდება და მათ შესახებ, აუცილებლად, ცალკე ვისაუბრებთ.

ჩვენი კომპანია მუშაობს ახალდაბის გზის გაწმენდა-აღდგენაზეც. რვა მეწყრული კერა, რომელმაც საშინელი შედეგები მოიტანა, ფაქტობრივად, 24-საათიანი მუშაობის პირობებში გაიწმინდა. იქაც უსწრაფესად, სამ დღეში შევძელით სოფელთან სამანქანო გზის აღდგენა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის, საკვების, მედიკამენტებისა და სხვა საჭიროებების მიწოდების ალტერნატიული შესაძლებლობა შევქმენით. ახალდაბელებისგანაც მხოლოდ სითბო და მადლობა მივიღეთ ჩვენი და ქვეყნის მთავრობის მისამართით, სწრაფი რეაგირების, ყურადღებისა და გაწეული მუშაობისთვის.

ჩვენ, როგორც კომპანია, მძიმე ივნისის შედეგებს ახალდაბასა და წყლულეთში ვებრძოდით, მაგრამ ჩვენი თანამშრომლები, ისინი, ვისაც ამ ორ სოფელში სამუშაოდ ასვლა არ უწევდა, თბილისის ცენტრში მოხალისეთა რიგებში წმენდნენ ზოოპარკისა და „მზიურის" ტერიტორიებს.

წლევანდელ ზაფხულს თბილისი ისეთ დღეში აღმოჩნდა, წყლულეთელ მაკარი პაპას უფიქრია, ჩვენ ვიღა მოგვხედავსო. ასეც გვითხრა: „ამ შედეგს არ მოველოდი, ამისთვის ვინ მოიცლის-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ვენაცვალე მთავრობას, რო მოგვხედა და აკეთებს ისე, როგორც ჩვენ გვიხარია".

ეს ჩვენი მოვალეობაა.  

 

ვიდეო