ფართო გზა „კოხტა მთამდე“

მოკლე გზაა, სულ კილომეტრი და 100 მეტრი, მაგრამ მნიშვნელოვანი. ამას იქაურები გვეუბნებიან, ბაკურიანისა და დიდი მიტარბის მცხოვრებლები, მშენებლები, რომლებიც დაბაში ახალ საცხოვრებელ კომპლექსებსა და საბაგიროებს აშენებენ; და - „მთის კურორტების განვითარების კომპანია", თუმცა, ამას შესახებ - ქვემოთ.

დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის დამაკავშირებელი და „კოხტა მთასთან" მისასვლელი საავტომობილო გზის მოწესრიგება ჩვენმა, „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", მთავრობის განკარგულებით, წელს, ივლისის ბოლოს დაიწყო და დაგეგმილზე ადრე, სამ კვირაში დაასრულა. განახლებამდე, გზა იმდენად ვიწრო იყო, რომ მანქანები ერთმანეთისთვის გვერდის აქცევას ვერ ახერხებდნენ; მრავლად იყო ორმოები და ღია საკანალიზაციო ჭები.

ორმოები და ღია საკანალიზაციო ჭები ამ გზაზე ახლა აღარ შეგხვდებათ, გზის სიფართეც უკვე 8 მეტრზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ორმხრივი მოძრაობა, არამარტო მსუბუქ ავტომანქანებს, სპეცტექნიკასაც თავისუფლად შეუძლია. ეს ცოტა არ არის, განსაკუთრებით დღეს, როცა ბაკურიანში თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, „კოხტა მთაზე" კი - ახალი საბაგირო შენდება.

დავით ფილაური, სამშენებლო კომპანია „აისბერგის" ხელმძღვანელიც ამას აღნიშნავს, - „პირველი ისაა, რომ გზა გასწორდა და ნორმალურად დავდივართ, მეორე, რომ გაფართოვდა. ყევლაფერში შეგვიწყო ამან ხელი, თავისუფლად ვმოძრაობთ, სამშენებლო მასალები თავისუფლად შემოგვაქვს. მარტო ჩვენ კი არა, ყველას შეუწყო ხელი ამ გზის გაკეთებამ, მოსახლეობასაც და მშენებლებსაც".

„გზა ყოველთვის კარგია, კარგი გზა, კიდე, ორმაგად კარგი", - კმაყოფილი ჩანს ბაკურიანელი რამაზ ჯიჩოევიც, რომელიც „კოხტა მთის" ახალი საბაგიროს მშენებლობაზე მუშაობს, - „რაც მეტი კარგი გაკეთდება, ხალხისთვისაც კარგია და ქვეყნისთვისაც".

სიგრძით, მართლაც პატარა გზაა, კილომეტრი და 100 მეტრი, მაგრამ იმით, რასაც ცვლის - დიდი. ცოტა არ არის მხარის ტურისტული პოტენციალის გაზრდას უწყობდე ხელს. ამ გზას კი ახლა ეს ნამდვილად შეუძლია.

სწორედ ამას ამბობდა მადლობის წერილი, რომელიც „კოხტა მთასთან" მისასვლელი გზის მშენებლობისთვის, „მთის კურორტების განვითარების კომპანიისგან" მივიღეთ.